ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატებს შორის პირველად, ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
2019 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 14 ლაურეატი:
ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ბექა ადამაშვილი (საქართველო), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი), იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა(სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა) და მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო).
რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა ბატონმა ვალერ-დანიელ ბრეაზმა და ევროკავშირის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარმა თიბორ ნავრაჩიჩმა ოფიციალურად დაასახელეს გამარჯვებულები 2019 წლის 22 მაისს, ბრუსელში, ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.
„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მიზნები სრულ თანხვედრაშია რუმინეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანის ამოცანებთან, რაც გულისხმობს ევროკავშირის მდიდარი კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას, საერთო ევროპული ფასეულობების გაძლიერებას, ჩვენი კულტურული და შემოქმედებითი სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარებას. ევროპული ლიტერატურა ჩვენი კულტურული იდენტობის ძირეული ნაწილია, რომელსაც, თარგმანის საშუალებით, წვლილი შეაქვს საერთო კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ლაურეატების ოჯახი გაფართოვდა და კიდევ უფრო მეტი წევრი შეიძინა ამ ავტორების სახით, რომელთა მომავალი თარგმანები, ევროკავშირის მოქალაქეების სასარგებლოდ, ქვეყნებს შორის ხარისხიანი ლიტერატურის მიმოცვლას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა, ვალერ-დანიელ ბრეაზმა.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის არსებობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაჯილდოვდა 108 ავტორი 4 ქვეყნიდან. შარშან ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ 10 წლის იუბილე ნოველების კონკურსით, „ევროპული ამბებით“, აღნიშნა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო წინა წლების ყველა ლაურეატს. თავისი ისტორიის ამ ახალი ციკლის საწყის ეტაპზე, პრემიამ პირველად დაასახელა ლაურეატები საქართველოდან და უკრაინიდან.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ამავე, 2014-2020 წლების პროგრამაში.
ყოველ საკონკურსო წელს თითოეულ მონაწილე ქვეყანაში კომპლექტდება ეროვნული ჟიური ლიტერატურის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების სფეროს ექსპერტებით. 3-დან 5-მდე ავტორის შერჩევის შემდგომ, თითოეული ეროვნული ჟიური ირჩევს ლაურეატს. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, იზრდება მათი ცნობადობა საზღვრებს გარეთ და საერთაშორისო მასშტაბით, რაც იწყება ბრიუსელში დაჯილდოების ცერემონიით და გრძელდება ევროპის მთავარ წიგნის ბაზრობებსა და სხვა ღონისძიებებში ჩართულობით.
საქართველო წელს შეუერთდა ევროკავშირის ლიტერატურული პრემიას. შესაბამისად, ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი ავტორია, ვინც ამ პრემიის გამარჯვებულებს შორის მოხვდა. ცნობილია, რომ ქართველი ავტორი ჯილდოს სახით ხუთი ათას ევროს მიიღებს.
დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში 2 ოქტომბერს გაიმართება.