„მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ ტვიტერში დაწერა.
შეგახსენებთ, რომ 23-24 მაისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა ბაქოში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ავრცელებს.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო.