საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.
„ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. ამას წინ უძღოდა ჩვენი მინისტრის მოადგილის წინასწარი სამუშაო ვიზიტი, სადაც შეთანხმდნენ სხდომის დეტალებზე. ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, როგორ წარიმართება, რა შედეგებით დასრულდება. მინდა, გითხრათ, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ აღნიშნული ჩატარდეს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პირველ არხთან საუბარში.
„კომისიის სხდომა იქნება ეს, თუ დინამიური პროცესი, განიხილება ძალიან ბევრი დეტალი, მნიშვნელოვანი საკითხები. ეს არის პირველი სხდომა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გარკვეული პაუზა იყო, ახლა უკვე თანათავმჯდომარეები ჰყავს კომისიას. ჩვენს მხარეს ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანულ მხარეს პრეზიდენტის წარმომადგენელი. დანარჩენ დეტალებზე მოგახსენებთ მიმდინარე რეჟიმში. ყველა პირობა და დეტალი გაჟღერდება კომისიაზე, რომელსაც სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. დაველოდოთ მოვლენებს. ამის შემდეგ უფრო შეგვეძლება, რომ კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისიტროს წარმომადგენელმა პირველ არხთან საუბარში.