საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით.
ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა.-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ი.მ.-ს, ბ.ა.-ს და დ.ა.-ს მიმართ.