20 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. ღონისძიებას მოდერირებას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც ღონისძიების ფარგლებში ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიმართულებით არსებული მიღწევების, ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2019“ წელს მეშვიდედ ჩატარდება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიება მიზნად ისახავს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებასა და აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდას.
„ევროპის დღეები 2019“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით წელს მეშვიდედ იმართება.