დღეს კანის კინოფესტივალზე სექციაში რეჟისორთა ორკვირეული (Director’s Fortnight) წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის – ლევან აკინის მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ფილმის პირველმა ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რის შემდეგაც გადამღებ ჯგუფთან დისკუსია შედგა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება.
„ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე“, - აცხადებს ლევან აკინი.
მიუხედავად იმისა, რომ კოპროდუქციის კონკურსში საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით პროექტი არასაკმარისი ქულების გამო ვერ დაფინანსდა, გადამღები ჯგუფის 6 წევრი კანის კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის საფესტივალო მხარდაჭერით გაემგზავრა.
ფილმი ასევე მხარდაჭერილია კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მიერ.
რეჟისორთა ორკვირეული (Director’s Fortnight) კინოფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციაა, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი“ 2005 წელს შეირჩა, 2016 წელს კი ამავე სექციაში კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის - დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს.