ფრანგი იმპრესიონისტის კლოდ მონეს შედევრი „თივის ზვინები“ ნიუ იორკში გამართულ სოთბის აუქციონზე 110.7 მლნ დოლარად გაიყიდა.
სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის რეკორდული თანხა, რაც კი ოდესმე მონეს ნახატში გადაუხდიათ.
მისივე თქმით, ეს არის მეცხრე ყველაზე ძვირი ნახატი, რომელიც სოთბის აუქციონზე გაყიდულა.
კლოდ მონემ ნახატების სერიის „თივის ზვინების“ შექმნა 1890 წელს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი განთავსებულია სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში.
ნახატის ამჟამინდელი მყიდველის შესახებ ინფორმაციას აუქციონი არ ავრცელებს.