უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლის შიდა გზები.
სტიქიამ ყველაზე მეტად ილტოს და ორვილის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.
არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადლები. ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს.