საკრებულოში შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი, სახელწოდებით -„თბილისის ისტორიები საკრებულოდან” გრძელდება.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით დაწყებული პროექტის თემა მაისის თვეში,,თბილისის სახლ-მუზეუმებია“.
,,პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა შეხვედრებმა, რომელიც საკრებულოში ტრადიციად იქცა, ამჯერად თბილისის მუზეუმების გაერთიანებას უმასპინძლა. დღეს თხრობის საგანს ამ მუზეუმების შესახებ საინტერესო ისტორიები და სიახლეები წარმოადგენდა. საჭიროა, რომ ვიყოთ საქმის კურსში, თუ როგორ ვუვლით აღნიშნულ სივრცეებს და როგორ მიმდინარეობს მათი რესტავრაციის პროცესი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
პროექტის თემაზე პრეზენტაცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ წარადგინა და თითოეული მუზეუმის შესახებ მცირე ისტორიულ ექსკურსთან ერთად, სივრცეებში ამჟამინდელი ვითარება და სხვადასხვა სიახლე აუდიტორიას გააცნო. მისი თქმით, საკრებულოს შენობაში გამართულმა შეხვედრამ მუზეუმების ინსტიტუციის მნიშვნელობა ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოაქცია.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები სამომავლოდ აუდიტორიას კიდევ არაერთ საინტერესო შეხვედრას ჰპირდება.
,,გრძელდება პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“და ამ იდეის განხორციელებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ მარიკა დარჩიას. ჩვენ ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩავატარეთ და დღესაც ასეთივე მნიშვნელოვან შეხვედრას ვუმასპინძლეთ. ამგვარი აქტივობები სამომავლოდაც არაერთ საინტერესო სიახლეს გვპირდება“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოში მდებარე თამარ მეფის დარბაზში სახლ-მუზეუმების ფოტოებიც გამოიფინა.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.