სამსახურის უფროსი ანგარიშის წარდგენისას კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებას შეეხო და „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტებზე, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებასა და ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე ისაუბრა.
„გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით. უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. პასუხისმგებაში კი მიცემულ იქნა 48 პირი“, - აღნიშნა სამსახურის ხელმძღვანელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების მიმოხილვისას სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამსახური ინტენსიურ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში არსებული ქვეყნების ატაშეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.