პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის ღია, საჯარო ნაწილზე საუბრისას, მომხსენებელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრდაზვერვით საქმიანობასა და უწყებათაშორის და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე მოხსენება წარმოადგინა.
„2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირებების ახალი კერების წარმოქმნა. საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ხელს უწყობენ არადემოკრატიული რეჟიმები, მათ მიერ მართული ინტერესთა ჯგუფები და ტერორისტული ორგანიზაციები. საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.