პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომა არ შეცვლილა და იგი კვლავ არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება.
მისივე განცხადებით, საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელოვნური ბარიერების შექმნა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა.
„ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ასევე ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.
ვახტანგ გომელაურმა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეები ახსენა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.