საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განმარტებით, 25 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი მსჯავრდებული, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა 23 პირობით მსჯავრდებული.
"საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობით მსჯავრდებული, აქედან ორი ქალბატონი მსჯავრდებულია, 21 პირობით მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულია ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
პრეზიდენტის შეწყალება სხვადასხვა ფორმით სულ 42 მსჯავრდებულს შეეხო.