თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის საკრებულომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსთან (MCA) თანამშრომლობით, 30-მდე მსხვილი ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელზეც თბილისის განათლებისა და კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს, გასულ წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი, რაც თბილისის კულტურის სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტს საფუძვლად დაედება.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა დედაქალაქისთვის შედეგის მომტანი იქნება. გიორგი ტყემალაძის თქმით, შეხვედრის მსგავსი ფორმატი არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ერთობლივი თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდეს.
თბილისის კულტურის სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ტალიაშვილმა.
„თბილისის სტრატეგიის მეშვეობით, ჩვენ უნდა ვმართოთ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სფერო ისე, რომ ხელი შევუწყოთ ნდობასა და დიალოგზე დაფუძნებული, ინკლუზიური და ტოლერანტული, თავისუფალი და ერთიანი საზოგადოების შენებას. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც შექმნის ახალ კრეატიულ მიდგომებს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. თბილისის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაკა ნასრაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია 2018 წელს თბილისის მასშტაბით, კულტურის სფეროს საჭიროების იდენტიფიცირებისთვის ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ.
შეხვედრისას საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, რომელშიც საკრებულოს დეპუტატებთან, მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები.