თბილისის საკრებულოს, ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ -საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მოაწერეს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მემორანდუმი მიზნად სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი−საქართველოს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი−საქართველოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების მიერ საკრებულოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას ისახავს. მისივე თქმით, კადრების მომზადების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმაც ისაუბრა.
„მემორანდუმი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციისთვის სათანადო გარემოს შექმნა“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია სტუდენტების დასაქმებისა და მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.
"ჩვენ, თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით, შევთავაზებთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჩვენ მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს მიერ ინიცირებულ პროექტებში, გაიარონ სტაჟირება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი თანამედროვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
მემორანდუმის ხელმოწერა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს დეპუტატები და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.