აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.
"აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სასტიკად სტკივა თვალები, გართულებულია შარდ-სასქესო სისტემის მდგომარეობა. იტანჯება სისხლის მაღალი წნევითა და დიაბეტის მეორე ტიპით. ციხის ექიმებს ჯერაც არ გაუსინჯავთ", - წერს მუსტაფაევა.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.