მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში" თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა.
ახლადშექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი - კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 15-დან 28-წლამდე ასაკის მუსიკოსებს აერთიანებს, მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა.
ორკესტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტს წარადგენს.