დავტოვებ საპრეზიდენტო რეზიდენციას, მაგრამ არ მივდივარ პოლიტიკიდან, - ამის შესახებ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„მომავალი თვის ბოლოდან დავტოვებ საპრეზიდენტო რეზიდენციას, მაგრამ არ მივდივარ პოლიტიკიდან. მე მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო. უკრაინელმა ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი გუნდი დაიცავს ჩვენს კურსს ევროკავშირისა და ნატოსკენ. კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის რიგებში ყოფნა შეგვაძლებინებს საიმედოდ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა პოროშენკომ.
20:00 საათზე უკრაინაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ეროვნული ეგზიტპოლების 18:00 საათის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.2% აქვს, პეტრო პოროშენკოს კი - 25.3%. ხოლო ТСН-ის იმავე პერიოდის ეგზიტპოლით კი, ზელენსკი - 72.7%, პოროშენკო - 27.3%.
ეროვნული ეგზიტპოლების შედეგები კიევის დროით, 22:00 საათზე განახლდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.
პეტრო პოროშენკომ ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა.