დღეს, 21 აპრილს, უკრაინაში საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები უკრაინის დროით დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ.
31 მარტს, უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კენჭისყრაში ორი კანდიდატი მონაწილეობს - მსახიობი და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ქვეყნის მასშტაბით სულ 199 საარჩევნო ოლქია, რომელშიც 30 000 საარჩევნო უბანია გაერთიანებული. საზღვარგარეთ გახსნილია 101 საარჩევნო უბანი.
არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მოქალაქეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები.
სულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 29 მლნ-ზე მეტია.
არჩევნებს 139 უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნებს 2 700 უცხოელი დამკვირვებლები აკვირდებიან 20 საერთაშორისო ორგანიზაციიდან და 21 ქვეყნიდან.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების შედეგებს ოფიციალურად არჩევნების ჩატარების დღიდან 10 დღეში გამოაცხადებს.
უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პრეზიდენტად 2014 წლის 25 მაისს აირჩიეს.