25 აპრილს პირველად, საქართველოში, ბაია გალერეაში, მოეწყობა ნინა გამსახურდიას ნამუშევრების ჩვენება, რომელიც 30 აპრილს დაიხურება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული კომპოზიციები, სტელები, მცირე ქანდაკებები, ამულეტები, მანდილიონები…
ნამუშევრები შესრულებულია მარმარილოთი დაგრუნტულ ხესა და ტილოზე.
მხატვარი თავად ამზადებს ფერებს ბუნებრივი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების პიგმენტებისგან; როგორიცაა ლაპისლაზული, ოპალი, ფირუზი, მალაქიტი, ნეფრიტი, ალმასი, ძოწი, ქარვა, მარჯანი, იასპი, სინგური და სხვა; ასევე იყენებს ფურცლოვან ოქროს, სპილენძს და ვერცხლს. მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, აბსტრაქტულ-იმაგინაციური და თანამედროვეა, მეორე მხრივ კი წარმოაჩენს არქაული მხატვრული ფორმების და განსაკუთრებით ბიზანტიური ფერწერის მრავალფეროვანი და უძველესი ტექნიკის გაცოცხლების ექსპერიმენტს.
25 აპრილს, ვერნისაჟზე ნინა გამსახურდია ფილმთან ერთად აჩვენებს ინტერაქტიური „მანდილიონის“ შექმნის ცოცხალ პროცესს.
ნინა გამსახურდიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1992 მუშაობდა თბილისში, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ბიზანტიური ფერწერის საკითხებზე. 1992 წლიდან ცხოვრობს შვეიცარიაში და მუშაობს, როგორც ფერმწერი, ხატმწერი, რესტავრატორი და კურატორი. მონაწილეობდა გამოფენებში შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
პერსონალური გამოფენები: 2018 - გალერეა ოილენშპიგელ. ბაზელი, შვეიცარია; 2016 - გალერეა კლოდინ ჰოლ. ციურიხი, შვეიცარია; 2013 - გალერეა კაზა დელ არტე. ციურიხი, შვეიცარია; 2012 - გალერეა ჰამმერ. ბაზელი, შვეიცარია; 2011 - გალერეა სეგურან. ნიცა, საფრანგეთი; 2006 - ანტიკური ხელოვნების მუზეუმი. ბაზელი, შვეიცარია.