დიდ ბრიტანეთში ქართველი რეჟისორის, თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თევზაობა" Monkey Bread Tree Film Awards-ის ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ფესტივალის ჟიურის წევრმა და დირექტორმა ბენ რაიდერმა ქართული ფილმის „პოეზია, ჰარმონია და ქორეოგრაფია“ ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, აბას კიაროსტამის და ასევე „ოსკარზე“ ნომინირებული პოლონელი კინორეჟისორისა და კინოდრამატურგის, კშიშტოფ კესლოვსკის სტილს შეადარა.
“წარმოების მასშტაბი და შიდა სამყაროს მართვა ფილმში შთამბეჭდავია. დიადი მოკლე ფილმია! ის გვაგონებს აწგარდაცვლილი კშიშტოფ კისლოვსკის ნამუშევარს, მაგალითად, ფილმს „სამი ფერი: თეთრი“. მიმაჩნია, რომ რეჟისორი ოსტატურად იყენებს კინემატოგრაფიულ ინსტრუმენტებს. სწორედ ამიტომაც ის, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებულია. და ეს შესანიშნავად ჩანს მის ფილმში“, - განაცხადა რაიდერმა.
„თევზაობა" — საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმი ნარკოპოლიტიკას, პოლიციელების სისასტიკეს, მართლმსაჯულებასა და ძალადობას ეხება. ფილმში მონაწილეობენ იმედა არაბული, ნიკა გორდეზიანი, გიორგი აბზიანიძე, მზია არაბული, თამარ ბზიავა, აფრობერტ კობერიძე, გიორგი ცხვედიანი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ფილმს ასევე მიღებული აქვს Research Award კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის პრიზი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.