სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის [აზერბაიჯანთან] დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს.
სალომე ზურაბიშვილმა,დღეს, "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერა.
"აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
,,ევროპა ნოსტრა" კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.