დღეს, 11 ნოემბერს, უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის 2009 წლის ნახევარფინალი, ერთმანეთის პარალელურად, ჩატარდება თბილისში, სანკტ-პეტერბურგში, ბარნაულსა და ტაშკენტში. თბილისში თავს მოიყრის სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდები. სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ეს არის საიუბილეო მე-10 ნახევარფინალი.
მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში ტარდება ასოციაცია Aსსოციატიონ ფორ ჩომპუტინგ Mაცჰინერყ (ACM)Nეგიდით. ღონისძიების გენერალური სპონსორია კორპორაცია IBM.
პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო ზურაბ გოგიშვილი. 2003 და 2004 წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამავე დაწესებულებამ უმასპინძლა ღონისძიებას 2006 წელსაც. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
წელს პირველად სამხრეთ კავკასიის გუნდებს უმასპინძლებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
ე. წ. ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალური რეგიონი (NEERC - North-Eastern European regional contest, რომელშიც შედის სამხრეთ კავკასიის ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესია იმ 40-ზე მეტ ნახევარფინალურ რეგიონს შორის, რომლებზედაც დღეისთვის დაყოფილია მსოფლიო (მოიცავს ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მოლდავეთისა და უკრაინის გარდა) და ნამდვილად ყველაზე უფრო ძლიერია თავისი შემადგენლობით. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამ რეგიონის გუნდებმა დაიკავა შემდეგი ადგილები: 1, 3, 4, 8, 11. ანუ სულ 12 საპრიზო ადგილიდან (4-4 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) თითქმის ნახევარი ამ რეგიონის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. პრიზიორთა შორის გასულ სეზონში პირველად აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი - თსუ-ის გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თემურ ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად სწორედ გასულ სეზონში გავიდა.
ბრძოლა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდის სახელის მოსახვეჭად სულ ცოტა 4 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს შორის გაიმართება. ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.