საქართველოში მყოფმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასა და საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში დახმარება აღუთქვეს. პირველ ეტაპზე, ერთობლივი ძალებით, მესტიის მუზეუმის რეაბილიტიაცია განხორციელდება, ხოლო ამის შემდეგ, სვანეთის სხვადასხვა მუზეუმის რესტავრაციის პროცესიც დაიწყება.
მინისტრების განცხადებით, მესტიაში მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ რურუამ და ვაშაძემ საგარეო უწყებაში, ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.
ვაშაძის თქმით, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სვანეთში განხორციელდა ტური, რომლის მეშვეობითაც დიპლმატიური კორპუსის წარმომადგენლები სვანეთში შემონახულ ქართულ ეროვნულ მემკვიდრეობას გაეცნენ. მინისტრის თქმით, ელჩები სვანეთიდან ნანახით აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ.
"შედგა მთელი რიგი ქვეყნების, უმრავლეს შემთხვევაში ევროპის კავშირის ქვეყნების ელჩების ვიზიტი სვანეთში. საელჩოები მსგავსი მოგზაურობის დაგეგმვას დიდი ხანია ითხოვდნენ და საბედნიეროდ ეს დაემთხვა კულტურის სამინისტროს გეგმებს. კულტურის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ პროგრმას სვანეთში - მესტიის ნაციონალური მუზეუმის რეაბილიტაციას და იქ გამოფენილი განძის "ქართველი ხალხისათვის დაბრუნებას", რაშიც მცირე დახმარება გავუწიეთ კულტურის სამინისტროს. დღევანდელ შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა ელჩებს აუხსნა, თუ რა არის გასაკეთებელი და რაში გვჭირდება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების დახმარება", - განაცხადა ვაშაძემ.
კულტურის მინისტრის განმარტებით კი, დიპლომატებმა მხოლოდ სვანეთში შემონახული საგანძურის 7% იხილეს. მისი თქმით, გადაწტდა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხდება სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია. შემდეგ კი სოფლებში განთავსებული მუზეუმების რებილიტაციის პროცესიც დაიწყება.
"ეს იყო ერთობლივი გასვლა სავანეთში. ძირითადად ევროპის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა იქვე იყვნენ, თურქეთის, ირანის და იაპონიის ელჩები. მათ იხილეს საქართველოს ეროვნული საგანძური, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარგალიტი სვანეთის საგანძურის სახით, რომელიც წარმოადგენს მთელს სვანეთში შენახული და განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის მხოლოდ და მხოლოდ 7%-ს. წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი გაფანტული საგანძურია სხვადასხვა სოფელში და რამდენი ზრუნვა სჭირდება ამ ექსპონატებს. გადაწყდა, საერთო ძალებით მივხედოთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც ჩვენი ეროვნული მუზეუმის ნაწილია და შემდეგ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სოფლებში განლაგებული პატარა მუზეუმების დაცვისთვის. ეს ნივთები საუკუნეებს ითვლის და მათზე ზრუნვა არის აუცილებელი. კომუნისტების პერიოდში ექსპონატების შენახვის და დაცვის მექანიზმები არ არსებოდა ეს იწყება ვარდების რევოლუციის შემდეგ, დღეს გადავედით საკვანძო ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ყველაფრის აღწერას, რესტავრირებას და გამოფენას", - აღნიშნა რურუამ და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში დიპლომატების დახმარება მათი ქვეყნების მიერ ფინანსების და სხვა საჭირო რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს.
"დიპლომატების მხრიდან არის საუბარი ცალკეული პროექტების ფინანსურ დახმარებაზე, სპეციალისტების მომზადებასა და კონკრეტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მათი ქვეყნების მონაწილეობაზე. მათ განაცხადეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მემკვიდრეობა და საგანძური. მათ აღნიშნეს, რომ ეს არის კაცობრიობის საგანძური. ისინი ვალდებულად მიიჩნევენ თავს, რომ მის დაცვაში მონაწილეობა მიიღონ", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.