"პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი", - ასე უპასუხა ბათუმის საკრებულოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ტერენტი გრანელი პოეტია თუ პროზაიკოსი.
ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოსში განხილვას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს.
ფიზიკური დაპირისპირება კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"" წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. საკრებულოს წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.