სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გარკვეული ხარვეზები დააფიქსირა. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიცხოვნობა თვითმმართველობებისათვის კანონმდებლობით არ რეგულირდება. თუმცა, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს.
ვინაიდან დადგენილებით დამტკიცებული ნორმები ეფუძნება საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპებს, მუნიციპალიტეტებს ეთხოვა დადგენილებით განსაზღვრული პრინციპების დაცვით შეემუშავებინათ მუნიციპალური ავტოპარკის გამოყენების წესი. დადგენილების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში ავტომანქანების ზღვრული ოდენობა დამოკიდებულია მოსამსახურეების საშტატო რიცხოვნობაზე. ამდენად, მუნიციპალიტეტმაც მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ავტომობილების რიცხოვნობა შტატების შესაბამისად უნდა განსაზღვროს. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო საშუალებების შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯების დარეგულირებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში შესწავლილ მუნიციპალიტეტებში ავტომობილების რიცხოვნობასთან და მათ შენახვა-ექსპლოატაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები გამოვლინდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 16 მუნიციპალიტეტში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას. რეკომენდებულ ნორმას ზემოთ არსებული ავტომობილების მოვლასა და შენახვაზე გადახდილი თანხები, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდიდა საბიუჯეტო ხარჯებს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი ყოველთვიურად გაიცემოდა საჯარო მოსამსახურეების პირად ავტომანქანებზე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საწვავი გამოეყოფოდა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, სპეციალისტებს, დაქირავებულ მოსამსახურეებს, გამგებლის წარმომადგენლებს და სხვ.
მაგალითად, 2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეკომენდებული 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, ბალანსზე ერიცხებოდა 21 სამორიგეო ავტომანქანა. გარდა ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა, მუნიციპალიტეტი საწვავს ყოველთვიურად გასცემდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 60-დან 85-მდე ავტომანქანაზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი მიღებულ საწვავს ვერ გამოიყენებდა სამსახურებრივი დანიშნულებით, რადგან, როგორც წესი, ფუნქციონალურად არ უხდებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება და დავალებების შესრულება;
• 2016 წელს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 42 ერთეული ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ ირიცხებოდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე და იმყოფებოდა თანამშრომელთა პირად საკუთრებაში. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 38.8 ათასი ლარის ღირებულების 28,435 ლიტრი საწვავი. მერიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2015 წელს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული 8 ავტომანქანის ნაცვლად, სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 8 და იჯარით დაქირავებული 22 ერთეული ავტომანქანით, ხოლო 2016 წელს საკუთარი 8 და დაქირავებული 39 ავტომანქანით;
• 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ნაცვლად 6 სამორიგეო ავტომანქანისა, სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 5 სამორიგეო და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 59-61 ავტომანქანით. მსგავსი ხარვეზები გამოვლინდა ადიგენის, ახალქალაქის, თელავის თემის, თვითმმართველი ქალაქი თელავის, ბორჯომის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, ლანჩხუთის, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებსა და ისნის გამგეობაში.
"ავტოტრანსპორტის რიცხოვნობის და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების არასწორი რეგულირება თვითმმართველობებისთვის სისტემური ხასიათის პრობლემაა. აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 14 მუნიციპალიტეტს მისცა რეკომენდაცია შეემუშავებინა მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან თავსებადი წესი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, საწვავის ხარჯვის, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ.
9 მუნიციპალიტეტმა (ადიგენის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, დმანისის, ლანჩხუთის, გარდაბნის, ახალციხის, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) გაითვალისწინა ან დაიწყო ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით. კერძოდ, საწვავის ლიმიტი გამოიყოფა მხოლოდ თანამდებობის პირებზე, მიმდინარეობს ბალანსზე რიცხული ზოგიერთი ავტომობილის სარეალიზაციოდ მომზადება, დაწყებულია მუშაობა ავტოპარკის გადანაწილების წესის მიღებაზე და ა.შ. თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით, განხორციელებული ქმედებები არასაკმარისია არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ისნის გამგეობას, გურჯაანის, ბორჯომის, თელავის მუნიციპალიტეტებს არ დაუწყიათ ღონისძიებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად.
მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის გაიმართოს კონსულტაციები მთავრობის რეკომენდაციის შეუსრულებლობის მიზეზების დადგენისა და ავტოპარკის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით", აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.