შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული ენმ-ს პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
შსს-ის ინფორმაციით, ენმ-ს წარმომადგენლები გიორგი პატარაია და ზუგდიდის საკრებულოს წევრები ანა წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.