კანის კრეატიული ფესტივალის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2019 დაიწყო. კონკურსის ოფიციალური გახსნის
ღონისძიება, 12 აპრილს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის #7-ში, თიბისი გალერეაში აიღებს სტარტს. 400-მდე ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ გამოვლენილი 5 გამარჯვებული გუნდი, 2019 წლის 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მსოფლიოს პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს.
ადგილობრივი კონკურსის ფარგლებში, გუნდებს მიეცემათ ბრიფები სოციალურ თემატიკებზე, რომელზეც იმუშავებენ დისტანციურად. ბეჭდური რეკლამის, დიზაინის, ციფრული კამპანიის და მარკეტერის კატეგორიის კონკურსანტებს 24 საათი ექნებათ ნამუშევრების ჩასაბარებლად, ფილმის კატეგორიის კონკურსანტებს – 48 საათი.
საქართველოს ისტორიაში Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური პირველად 2015 წელს ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. 2016 წელს, კონკურსზე 106 გუნდი დარეგისტრირდა, 2017-ში - 116, 2018 წელს კი 168-მა, წელს კი რეკორდული რაოდენობა, 169 გუნდი იასპარეზებს.
კონკურსის დაჯილდოება, 20 აპრილს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მულტიფუნქციურ სივრცე “რესპუბლიკაში” გაიმართება. ღონისძიება ითვალისწინებს სასემინარო ნაწილსაც, რომლის ფარგლებშიც მოწვეულია სამი სპიკერი. სპიკერების ვინაობა 15 აპრილს გახდება ცნობილი.
კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი ბანკი. 2019 წელს დაგეგმილი ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერები არიან : Beeline, Adjarabet.com, USAID-ის პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, რომელსაც ახორციელებს CENN, Socar Georgia. მედია მხარდამჭერია Marketer.ge