დღეს, 9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის სახელით გასამართი ღონისძიების მოსაწვევ ბარათებზე აღნიშნულია „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლე იქნება.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ჯაშმა, რომელიც განათლებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო დანიშნულების განსაზღვრის სპეციალურ საპარლამენტო ჯგუფსაც ხელმძღვანელობს, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. ჯაშის განცხადებით, ავლაბრის რეზიდენცია სავარაუდოდ კულტურის ეროვნული ცენტრის ფუნქციას შეიძენს.
ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციამ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავისი პირვანდელი დანიშნულება დაკარგა, რადგან ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მას რეზიდენციად ათონელის ქუჩაზე განთავსებული სასახლის გამოყენება სურდა.
მალევე, მთავრობასა და პარლამენტში დაიწყეს მსჯელობა თუ რა დანიშნულება უნდა მოეძებნათ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციისათვის. პარლამენტში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით, ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო დანიშნულებაზე სამსჯელოდ.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, საპარლამენტო უმრავლესობა ავლაბრის რეზიდენციაში კულტურის ეროვნული ცენტრისა და სამუზეუმო სივრცის განთავსებას უჭერდა მხარს, რამაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაც მოიპოვა.
მოგვიანებით, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის აზრით კარგი იქნება თუ ავლაბრის რეზიდენციას მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოიყენებენ. პრეზიდენტი ასევე მიესალმება თუ შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი ან კულტურის ცენტრი განთავსდება.