ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება, - ნათქვამია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც დღეს გავრცელდა.
„წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში“, - ნათქვამია წერილში.