საქართველოში გეოლოგიის დღე 1965 წლიდან აღინიშნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა.
შეხვედრაზე, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა სტუმრებს მიმდინარე სამუშაოები გაცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საქართველოს მასშტაბით, გეოლოგიური მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა, 2018 წელს გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) გააქტიურებასთან დაკავშირებით შედგენილი იქნა 305 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.
2018 წელს შეფასდა გეოლოგიური სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების შედეგად 587 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 1245 მოსახლის საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
მომზადდა ყაზბეგის და დარიალის ფურცლების (K-38-XV-IX) გეოლოგიური ანგარიში, 4 ჭაბურღილზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგული აპარატურა, რომელიც ონლაინ რეჟიმში იძლევა ინფორმაციას წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.
გრძელდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატურ რეჟიმში მონაცემების მიღება-დამუშავება, მომზადდა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2019 წლისთვის“.
საქართველოში პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები კი 1843 წელს გამოქვეყნდა. სწორედ 1841 წლიდან საქართველოში უკვე სათავეს იღებს სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება.
სააგენტოს უფროსმა მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პარფიუმერული ქსელისგან „ისი-პარი“, კომპანიისგან „PSP” და ეროვნული საშენი მეურნეობისგან.