გერმანია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. ეს კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების „ლოგიკური გაგრძელებაა“. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ორშაბათს, 30 ივნისს, კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ანდრიი სიბიჰასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვადეფულის თქმით, ორივე ქვეყანას შეუძლია ისარგებლოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით.
მისი თქმით, უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება იგეგმება.
„ჩვენ ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, რათა უკრაინამ თავდაცვისთვის უფრო სწრაფად და უფრო მეტის წარმოება შეძლოს. შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოჩვენებითია“.
„დღეს, პუტინის მიერ მშვიდობის შესახებ საუბარი, უბრალოდ დაცინვაა“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვადეფული კიევში მოულოდნელი ვიზიტით 30 ივნისის დილით ჩავიდა. მთავარი თემა რუსეთთან ომში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერაა.
ჩასვლისთანავე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის კაპიტულაცია სურს და აღნიშნა, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი.