საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე.
„არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითარება არის ისეთი, ისეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი, ეს არის დესტრუქციული, არა კონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9 წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად, რომ არასოდეს დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, ეს ისტორიები არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.