სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, თიბისი ბანკის შესახებ საუბრისას განაცხადა რომ სების საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობით შეზღუდული არ არის და სებ-ი ანალოგიურ რეაგირებას მოახდენს ნებისმიერი პერიოდის შესახებ ინფორმაციაზეც.
გვენეტაძის განმარტებით, ტრანზაქციების შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი გახდა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც სთხოვდა ეროვნულ ბანკს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის 2012 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგისათვის არ გაგზავნის საკითხი.
„ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირებას გვავალდებულებს კანონი, საერთაშორისო პრაქტიკა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი პოლიტიკა-პროცედურები“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო შეზღუდული არ არის ხანდაზმულობით. და მას ანალოგიური რეაგირება უნდა მოეხდინა ნებისმიერი პერიოდის შესახებ ინფორმაციაზე, და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიეღო სათანადო ზომები, მით უფრო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის ჩამდენი პირები კვლავ ბანკის მოქმედი და დომინანტური გავლენის მქონე ადმინისტრატორები იყვნენ.
აქვე სებ-ის პრეზიდენტმა საქმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა: „მხარეები ხშირად საუბრობენ დოკუმენტაციის შენახვის 6-წლიან ვადაზე, რაც ისევ არასწორია, რადგან: ჯერ ერთი, დოკუმენტაციის შენახვის 6-წლიანი ვადა აითვლება საქმიანი ურთიერთობის დამთავრებიდან, ანუ, ანგარიშის დახურვიდან, რაც, ამ შემთხვევაში, არა 2008 წელი, არამედ 2017 წელია, რადგანაც ვალის მონაცვლე კომპანიამ თიბისი ბანკში ანგარიში 2017 წელს დახურა; მეორეც, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2008 წლიდან ვითვლით 15 წელს, რაც, პატივცემულო დეპუტატებო, 2023 წელს გვაძლევს, ახლა კი 2019 წელია“-აღნიშნა მან.