ამერიკელი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ახალი ფილმის „მეგალოპოლისის“ გადაღებას გეგმავს, რომელიც თავისი მასშტაბებით ფილმის „აპოკალიფსი ახლა“ შესაბამისი იქნება.
აღნიშნულია, რომ კოპოლას ამ ფილმის სცენარი უკვე მზად აქვს. ამის გარდა, მან არაოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო მთავარი როლების შემსრულებლებთანაც. ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, მსახიობი ჯუდ ლოუ იყოს.
არსებული ინფორმაციით, რეჟისორი დიდი ხანია ოცნებობდა ამ პროექტის განხორციელებაზე. კინოსურათი უტოპიური იქნება, მოქმედება კი ნიუ-იორკში განვითარდება.
„ვაპირებ წელს დავიწყო ჩემი მრავალწლიანი ჩანაფიქრის განხორციელება და შევქმნა მასშტაბური სამუშაო, რომელიც გააერთიანებს ყველაფერს, რაც თეატრში 16 წლის ასაკიდან, ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვისწავლე. ეს იქნება ეპიკური ნაწარმოები, სახელწოდებით „მეგალოპოლისი“, - განაცხადა კოპოლამ.