საქართველოს მოსახლეობის 80,1% მიიჩნევს, რომ კარგი განათლების მისაღებად კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია. დაახლოებით იგივე რაოდენობა (78,8%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ კარგი განათლების მისაღებად საჭიროა ნიჭი.
საქართველოს მოსახლეობის 31,6% ამბობს, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო 36,8% ამბობს, რომ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური სრული საშუალო განათლებაა.
გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობას უმაღლესი განათლების მხრივ: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 24% ამბობს, რომ უმაღლესი განათლების დიპლომს ფლობს მაშინ, როცა იგივე კითხვაზე დადებითად თბილისის მოსახლოების 50,2% პასუხობს.
მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,5% აქვს სამეცნიერო ხარისხი.
მოსახლეობის 58,9% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კარგი განათლება. კითხვაზე - დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით - მოსახლოების 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.