დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 2019 წელს 7,7 მლრდ შეადგინა, 2050 წლისთვის კი ის 9,7 მლრდ-ს მიაღწევს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაშია ნათქვამი.
დღეისათვის მსოფლიოში შობადობის დონე ერთ ქალზე 2,5 ბავშვს შეადგენს, 2030 წლისთვის კი ის 2,4-მდე გაიზრდება. პროგნოზის თანახმად 2050 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი იცხოვრებს იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის საერთო მაჩვენებლი იმ დონეზე დაბალი იქნება, რაც აუცილებელია მოსახლეობის გამრავლებისთვის.
რაც შეეხება 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს, მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობის მიხედვით, იზრდება.
დღეს მათი რაოდენობა ევროპაში 19 %-ს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 16%-ს შეადგენს, 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი შესაბამისად 28%-მდე და 23%-მდე გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში ხანში შესული მოსახლეობის წილი აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში გაიზრდება დღევანდელი 8%-დან 18%-მდე. აფრიკაში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ცხოვრობს, 2050 წლისთვის ხანდაზმულების რაოდენობა 9 პროცენტი იქნება.
დღეს მსოფლიო მოსახლეობის 56% ქალაქებში ცხოვრობს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებლი 68%-ს მიაღწევს.
ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. შემცირდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკიდურესი სიღატაკის პირობებში ცხოვრობენ. განსაკუთრებულად გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა.
1994-2019 წლების პერიოდში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა 54 პროცენტით შემცირდა.
მსოფლიოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 1994 წელს 64,9 წელს შეადგენდა, 2019 წელს 72,3 წლამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი ის კიდევ 2 წლით მოიმატებს.
მოხსენება გაეროს 51-ე სესიისთვის მომზადდა, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ გაიხსნა.