ტურისტების მოზიდვისთვის ქვეყნის კულტურული ავთენტურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თანხმდებიან ტურისტული ფესტივალის „ტურისტერის“ მონაწილეები. როგორც ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა განმარტა, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, რაც ცნობიერების ამაღლებისა და განთლებით მიიღწევა.
„ჩვენ გასულ წელს მოვამზადეთ მარკეტინგის სტრატეგია სადაც ანალიზი ჩატარდა ჩვენი პროდუქტების, კომპონენტების და სხვა. საბოლოოდ კი 3 ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რომელიც საქართველოში ყველაზე კონკურენტულია. ეს არის: ბუნება და სათავგადასავლო აქტიობები, ღვინო და კულინარია და კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა.
ეს არის სამი ის ძირითადი მიმართულება, რაზეც ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს მიზნობრივ ბაზრებზე. მნიშვნელოვანია ასევე ავთენტურობა. ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენ მიზანია მოვიზიდოთ მაღალი გადახდის მქონე ტურისტები, რომელთაც აინტერესებთ ავთენტურობა და გამოცდილება ტურიზმიდან და არა მორიგი ტურისტული ქვეყნის უბრალოდ დათვალიერება. კვლევისას გამოიკვეთა, რომ იაპონელი, რომელიც საქართველოში ჩამოდის მას მინიმუმ 30 ქვეყანა უკვე მოვლილი აქვს და შენ მას ვერაფრით ვერ გააკვირვებ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ავთენტურობა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საბოლოო მიზნით მისაღწევად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, განათლება და სხვა“, განაცხადა მამაცაშვილმა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, მიზნის მისაღწევად ადმინისტრაცია ტრენინგებს ატარებს და ცდილობს პროცესი მაქსიმალურად დააჩქაროს.
იმავდროულად იგეგმება შესაბამის კანონმდებლობაში აღნიშნული მიმართულების დარეგულირება, რადგანაც არსებული კანონმდებლობა მოძველებულია და არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.