მეღვინე და გასტრონომიის მკვლევარი ჯონ უერდემანი მიიჩნევს, რომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული რეგიონები გააქტიურდნენ და მომხმარებელს მათთვის დამახასიათებელი კერძები შესთავაზონ.
ჯონ უერდემანმა, რომელიც ბათუმში გამართული ტურიზმის ფესტივალის „ტურისტერის“ მონაწილე იყო, განაცხადა, რომ საქართველოში ნაკლებად ზრუნავენ საკუთარი კერძების წინ წამოწევაზე და პოპულარიზაციაზე.
„მე ვიმუშავე ცნობილ მწერალთან ერთად კულინარიულ წიგნზე „დააგემოვნე საქართველო“, რომელშიც ყველა რეგიონია თავმოყრილი. სსრკ-ს პერიოდში ჩამოყალიბდა ე.წ. სარესტორნო კერძები, რომლებიც დღეს ყველგანაა. ეს იმ ფონზე, როდესაც ქედაში, ხულოში და თუნდაც სოფელ ვაიოში ისეთი ადგილობრივი კერძებია, რომლის დაგემოვნებისას პროფესიონალი მზარეულიც კი იტირებდა. თუმცა ბათუმში ეს კერძები ნაკლებად ჩანს. საუკეთესო ცეზარის სალათსა და სოკოს სუფს ყველგან აკეთებენ, მაგრამ კარგი ბორანოთი შესაძლოა უფრო ბევრი გააკვირვო. ვინც ღირსეულად ცნობს საკუთარ თავს და ცდილობს თავისი უნიკალურობა სხვას შესთავაზოს, ეს ყველასთვის საინტერესო და მისაღებია, როდესაც წიგნზე ვმუშაობდით, მივედით კულინარიულ ინსტიტუტში, სადაც ახალგაზრდა ქართველები მიდიან და სწავლობენ, როგორ გააკეთონ მეორე ხარისხოვანი იტალიური საჭმელი, ან ვითომ ფრანგული, როცა ჩვენ - მარანი, რესტორნები, თუ ტურისტული კომპანია ვცდილობთ გამოვქექოთ ეს უნიკალური კერძები და სასმელი“, განმარტავს ჯონ უერდემანი.
მეღვინე და გასტრონომიის მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტურისტებში უნიკალურ კერძებზე მოთხოვნა დიდია და მას უფრო მეტი შემოსავლის მოტანა შეუძლია ვიდრე სხვა ჩვეულებრივ კერძებს და სასმელს.