აბუ დაბის ახალ მუზეუმში ჯერ კიდევ ნოემბერში უნდა გამოეფინათ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი - „სამყაროს მხსნელი“. თუმცა მუზეუმის თანამშრომლებმა გაზეთ New York Times-ს განუცხადეს, რომ არ იციან სად არის ფერწერული ტილო.
2017 წლის დეკემბერში "აბუ-დაბის ლუვრი" მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერდა, რომ ნახატს მიიღებდა. ტილოს ავტორის შესახებ ხანგრძლივი დავის შემდეგ, 2011 წელს, ხელოვნებათმცოდნეებისა და მკვლევარების კონსორციუმმა დაასკვნა, რომ ეს ნამუშევარი ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნოდა.
ტილო აბუ-დაბიში 18 სექტემბერს უნდა გამოეფინათ. სექტემბრის დასაწყისში მუზეუმმა ნახატის გამოფენა გადადო, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.
30 მარტს გაზეთი New York Times-ი "აბუ-დაბის ლუვრის" ანონიმურ თანამშრომლებზე დაყრდნობით წერდა, რომ მუზეუმის წარმომადგენლებმა არ იციან ნახატის ადგილსამყოფელის შესახებ. პარიზის ლუვრმა, რომელმაც აბუ დაბის მუზეუმს მისი სახელწოდების ტარების უფლება მისცა, ასევე არ იცის სად არის „სამყაროს მხსნელი“.