შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის სახელშეკრულებო დავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობდა ქირავნობის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფოსტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 661 728 ლარის გადახდა.
„აღნიშნული დავა, საბოლოოდ დასრულდა მხარეთა მორიგებით, რაზეც არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება. ორ სუბიექტს შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი მორიგება გულისხმობს მოსარჩელე მხარისთვის სადაო თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემას. მორიგების მიზნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის დამფუძნებლებთან შეთანხმება და უძრავი ქონების აუდირება/შეფასება ორივე სუბიექტის მიერ კანონის ფარგლებში იქნა შესრულებული. ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარიგების შინაარსი არ ეწინააღმდეგება არც ერთი კომპანიის ინტერესს“, აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს საქართველოს ფოსტის ერთობლივ განცხადებაში.