„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე. მისი თქმით, გარკვეული ვიწრო ჯგუფი შეეცადა, საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია და ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა აღნიშნული კოდექსისთვის.
"მზად ვარ, თითოეულ შეკითხვას ვუპასუხო. პროექტში იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გავასწორეთ. ყველა პროექტს სჭირდება დამუშავება და სწორედ იმიტომ არსებობს სამი მოსმენა კანონშემოქმედებით პროცესში, რომ ხარვეზები, არსებობის შემთხვევაში, აღმოიფხვრას. კონსულტაციების დროს აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის არასწორად მიწოდებას. პრინციპულად ყველა ეთანხმება აზრს, რომ ეს არის ეროვნული პროექტი და არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც ამას გააბათილებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ მსჯელობენ. საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვაში დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.