მეოთხე სამსჯავროზე გაირკვევა, თუ რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მიერ განხორციელებული პოლიტიკა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფარგლებში მიმდინარე მე-4 იმიტირებულ სასამართლო პროცესზე 27 მარტს ერთმანეთს შეერკინება არქივებში, სხვადასხვა წყაროებსა და მსოფლიოს წიგნსაცავებში მოპოვებული დოკუმენტური მასალებით შეიარაღებული სტუდენტების ორი უძლიერესი გუნდი:
ბრალდების მხარე, გუნდი „ივერია“, რომლის შემადგენლობაშია ნანა ტყაბლაძე, ანა არჩვაძე, გუგა მაგულარია, გიორგი ნაცვლიშვილი, ელენე ჭიკაიძე (სამართლის სპეციალობა, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი) და შოთა ღორთლიშვილი (სამშენებლო სპეციალობა, სამშენებლო ფაკულტეტი). მენტორებად ჰყავთ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი ვაჟა შუბითიძე და სამართლის მიმართულებით პროფესორები: ვახტანგ ჟვანია, მალხაზ ჩიტაია, კობა ჩიხლაძე.
დაცვის მხარე, გუნდი ,,მაატი“ (მსოფლიო წესრიგის ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში), რომლის შემადგენლობაშია მარიამ ნოზაძე (სამართლის სპეციალობა, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი), მაია სირაბიძე, ანასტასია ყოჩიაშვილი, გვანცა წახნაკია (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა, სტუ-ს სსუფ), ლევან გიგაია (სამართლის სპეციალობა, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ), ნიკოლოზ კრაწაშვილი (თსუ) და გიორგი ხარატიშვილი ((საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა, ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სეუ). მენტორებად ჰყავთ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი მანანა დარჩაშვილი და სამართლის მიმართულებით პროფესორი ნინო ნიშნიანიძე.
გუნდი „ივერია“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას უყენებს ბრალდებას, რომ სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში (24.06.1918 – 18.03.1921), მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა არ შეესაბამებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოძიებული არგუმენტები მყარია და იმიტირებულ სასამართლო პროცესზე შეძლებს დაუსაბუთოს ნაფიც მსაჯულებს ნოე ჟორდანიას პოლიტიკის სიმცდარე.
ნოე ჟორდანიას პოლიტიკის დაცვის მხარეს სჯერა, რომ ახალ არგუმენტებზე დაყრდნობით გუნდი „მაატი“, თავის მხრივ, შეძლებს გააბათილოს გუნდ „ივერიას“ ბრალდებები და დაარწმუნოს სასამართლო, რომ ნოე ჟორდანიას პოლიტიკა იმ დროს არსებული ვითარებისათვის იყო სწორი და გამართლებული.
იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ მაღალი კვალიფიკაციის, საქართველოსთვის შემადგენლობით უპრეცედენტო ჟიური, ნაფიცი მასჯულები (სტუ-ს პროფესორები, ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური და მთავარი საჯარო თანამდებობის პირები, საპარლამენტო ლეგიტიმაციისა და კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები) გამოიტანენ ვერდიქტს თუ რომელმა გუნდმა გამოავლინა უკეთ თავი ამ უნიკალურ პროექტში, რომლის ამოცანაა სტუდენტებმა გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, განივითარონ სახელმწიფოებრივი და ანალიტიკური აზროვნება, დაეუფლონ მოლაპარაკებების ხელოვნებას, ჩამოიყალიბონ თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლების, დებატების, სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის და კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები.
ფაკულტეტის დეკანი, პროექტის თანახელმძღვანელი პროფესორი ირაკლი გაბისონია: ფაკულტეტის ამოცანაა მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელიც ჩადგება ქვეყნის სამსახურში და მაღალ პროფესიულ დონეზე დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო არენაზე. ამისათვის ჩვენს ფაკულტეტზე ბევრი ახალი პროექტი დაინერგა, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ „პოლიტიკა სამსჯავროს“ სახით მოიძებნა სტუდენტების დაინტერესებისა და მათი სასწავლო და სამეცნიერო პროცესში აქტიურად და ხალისით ჩაბმის, მართლაც სრულიად ახლებური და ეფექტური ფორმა.
პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ავტორი და ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი: უდავოა, რომ პროექტით გათვალისწინებული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები უკეთ შეძლებენ პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიაში გარკვევას, ემპირიული პოლიტიკური სიტუაციის კრიტიკული გააზრებას და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად პოლიტიკოსების საქმიანობის კვალიფიციურ შეფასებას და მათ შეცდომებზე სწავლას.
სასამართლო გაიმართება 2019 წლის 27 მარტს, 13 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი).