ევროპული საქართველო საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს. ევროპული საქართველოს ლიდერი არსებული საბანკო რეგულაციების გადახედვასაც ითხოვს.
„ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ იბარებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგი. კარგად ჩანს ათიათასობით ადამიანი რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას, უკვე დაზარალდა ბიზნესი და ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს და უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამიტომ ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ სრულიად გადაუდებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში, ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს და ჩვენი მოთხოვნაა გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. პირდაპირ დაარტყა იმ საშუალო ფენას რომელიც იღებდა კრედიტს და რომელზეც დგას საქართველოს მომავალი სიმყარე და კეთილდღეობა, დააზიანა ბიზნესი და გაზარდა უმუშევრობა. აი ეს არის მთავრობის და ბანკის რეგულაციების შედეგი და ამიტომ ვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასწრაფო წესით საკომიტეტო მოსმენაზე მობრძანდეს პარლამენტში და ჩაგვაბაროს ანგარიში.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.