დღეს, 20 მარტს, ქართველ მწერალს, ოთარ ჭილაძეს დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი ოთარ ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში დაიბადა.
1998 წელს ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.
მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში", იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი, ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1991 წლიდან, როგორც პროფესორს, დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი გახდა.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში "პირველი სხივი" 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული "მატარებლები და მგზავრები" - 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი "ლონდრე".
მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
ჭილაძის პოეტური კრებულებია: "მატარებლები და მგზავრები", "თიხის ფირფიტები", "რკინის საწოლი", "სინათლის წელიწადი" (პოემა), "ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით", "ცხრა პოემა", "გულის მეორე მხარე", "გახსოვდეს სიცოცხლე", "ლექსები", "მზე დეკემბერში", "კიბე";
პროზა - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", "რკინის თეატრი", "მარტის მამალი", "აველუმი", "ბედნიერი ტანჯული", "გოდორი", "წათეს წითელი წაღები".