„ჩვენ აქ ვართ, რომ ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ხელი შევუწყოთ ურთიერთობების გაღრმავებას," - განაცხადა ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას ჰონგ კონგის რამდენიმე ათეული კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებმაც მინისტისგან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ლიბერალური საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტებისა და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
ჰონგ კონგის (ჩინეთი) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანის განცხადებით, საქართველოსა და ჰონგ კონგს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, ორივე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებია თავისუფალი ვაჭრობითა და ღია ბაზრით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ, ორი ქვეყანა დიდ სარგებელს ნახავს.
„კიდევ ერთი მსგავსება ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის ისაა, რომ ორივე ქვეყანა აქვს სტრატეგიული განლაგება. ჰონგ კონგი არის ჩინეთისა და აზიის კარიბჭე, ხოლო საქართველო, როგორც ვიცით, ევრაზიის კარიბჭეა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას," - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის 2018 წლის ზაფხულში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში გაფორმდა