დღეს, 15 სექტემბერს, პროექტში "მინისტრი ერთი დღით" მონაწილეობის მსურელების განაცხადების მიღება სრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით "მინისტრი ერთი დღით" გამოაცხადა.
პროექტში გამარჯვებულს საშუალება ექნება ერთი დღის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სავარძელი დაიკავოს და თავად მინისტრმა კი მისი თანაშემწის ფუქნცია შეასრულოს. პროექტში გამარჯვებული მინისტრის რანგში ყველა იმ შეხვედრას დაესწრება, რომელიც თავად ქობალის იმ დღისათვის ექნება ჩანიშნული.
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მე-12-კლასელს აქვს, რომელშიც ჩამოაყალიბებენ საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს, თუ რას გააკეთებდნენ, რა მიზნების მიღწევას შეეცდებოდნენ ერთი დღის განმავლობაში მინისტრის პოსტის დაკავების შემთხვევაში.
ქობალია დარწმუნებულია, რომ კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდი იქნება და მოსწავლეებისგან ბევრ საინტერესო იდეას და ინიციატივას მოისმენს. ამასთან, ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა ბევრ მე-12-კლასელს სურვილს გაუჩენს, საკუთარი მომავალი ეკონომიკურ მეცნიერებებს დაუკავშიროს.