საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით აჭარაში „Discount Week“-ის კამპანია ტარდება. ფასდაკლების კვირეული რეგიონში 8 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კამპანიაში აჭარის 12 სასტუმროა ჩართული. სასტუმროები დამსვენებლებს 30%-დან 61%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარაში პრესტური გამართა. ტურში სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კამპანიაში ჩართული სასტუმროების დათვალიერების შემდეგ ტურის მონაწილეებმა მახუნცეთის ჩანჩქერის და თაღოვანი ხიდის მოინახულეს, მედიის მონაწილეებმა შერვაშიძეების მარანი დაათვალიერეს, სადაც 7 სახეობის ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. ტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაშვებულიყვნენ "ზიპლაინით."
ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს.
სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო შესაბამისი შეთავაზებით.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე
discount.georgia.travel-ზე.
„Discount Week“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს.
კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება.