საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.
ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ პარიზში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ვინსენ მონტანთან, ასოციაციის გენერალურ დირექტორთან პიერ დუტიოლთან, ასევე ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან პიერ ბულერთან და ფრანგული ინსტიტუტის ფრანგული ენის, წიგნისა და ცოდნის დეპარტამენტის დირექტორთან ჯუდით როუზთან. შეხვედრებს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი და საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი პაატა მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
საქმიანი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილების შესახებ. საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ მოხდეს ფრანგულ ენაზე ქართველი ავტორების წიგნების თარგმნა და მათი წარდგენა პარიზის წიგნის ბაზრობაზე. ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა კი მზადყოფნა გამოთქვეს დახმარება გაუწიონ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებაში.
პარიზის წიგნის ბაზრობის ფორმატი ფრანკფურტისგან განსხვავებულია. საპატიო სტუმარი ქვეყნის ფორმატის პარალელურად, ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილია საპატიო ქალქი. საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს სტუმრობენ ფრანგი მაღალჩინოსნები, გამომცემლები და სხვა დაინტერესებული პირები.
პარიზის წიგნის ბაზრობა 1981 წლიდან ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიძებაა. ბაზრობაზე 1 200-მდე სხვადასხვა ქვეყნის გამომცემელი და 4 000-მდე მწერალი მონაწილეობს. ბაზრობა განთავსებულია 55 000 კვ. მ. საგამოფენო სივრცეში და წარმოდგენილია 500-მდე სტენდი. ბაზრობას ოთხი დღის განმავლობაში 165 000 დამთვალიერებელი სტუმრობს.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნასაც დაესწრნენ. ღონისძიება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა და საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრმა ფრანკ რესტერმა გახსნეს.
საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხირციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო. პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა გაზრდის ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ცნობადობას ფრანგულ ლიტერატურულ სივრცეში.