საპარლამენტო უმრავლესობა პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას პოლიციის დაცვის აუცილებლობით ხსნის. ამის შესახებ განმარტებები კანონპროექტის ავტორებმა ლაშა თორდიამ და კახა ანჯაფარიძემ დღეს პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთეს.
მათ მიერ მომზადებული ინიციტივის თანახმად, პოლიციას ენიჭება უფლება, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე, ადამიანი ქუჩაში გააჩეროს ყოველგვარი ნებართვის გარეშე და ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ინიციატივას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს არის პოლიციის უფლებების გაზრდა და გამოიწვევს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შელახვას.
როგორც თორდიამ განაცხადა, ცვლილებების მიღება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მისი თქმით, დღეს პოლიცია არ არის სათანადოდ დაცული და მისი უფლებების დაცვისათვის აუცილებელია ამ ნორმის მიღება.